მარტვილის კანიონი

 

მდებარეობა.

მარტვილის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, თბილისიდან 274 კმ., ქუთაისიდან 46 კმ, ბათუმიდან 140 კმ, ფოთიდან 74 კმ, ხოლო ანაკლიიდან 100 კმ მანძილზე.

მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული და ბუნების უნიკალური ძეგლებით. მათ შორის გამოირჩევა სოფ. სალხინოს დადიანების საზაფხულო სასახლე, მარტვილისა (VII ს.) და ბალდის მამათა მონასტრები. ბუნების ძეგლთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მდ.აბაშის ხეობაში მდებარე გაჭედილისა და ბალდის კანიონები, მოთენას მღვიმე, ტობას კასკადოვანი (234 მ), ონიორეს (80 მ) და აბაშის (30 მ) ჩანჩქერები; მოთენას, არსენ ოქროჯანაშვილის, ტობას მეორე და ჯორწყუს მღვიმეები; რაჩხის უნიკალური ვოკლუზები და იშვიათი რელიქტური ტყეები. არანაკლებ ყურადღებას იპყრობს მდ. ტეხური ბუნების უნიკალური ძეგლებითა და იშვიათი ტყეებით.

გაჭედილას კანიონი(ქ.მარტვილიდან 5 კმ.)

გაჭედილის კანიონი მდებარეობს სოფელ გაჭედილსა და ინჩხურს შორის. მდ. აბაშა კვეთს ანტიკლინურ სერს და წარმოქმნის გაჭედილის კანიონს, რომლის სიგრძეა 2400 მ, ხოლო ჩაჭრის სიღმე – 20-40 მ. რამდენიმე ადგილას კანიონი საფეხურებრივია და შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის მარტვილის ცნობილ ჩანჩქერს წარმოქმნის. კანიონში ნავით საკმაოდ ღრმად შეცურვა არის შესაძლებელი.

მოთენას მღვიმე. 

გაჭედილის კანიონიდან 3.5 კმ დაშორებით სოფ. პირველ ბალდაში მდებარეობს მოთენას მღვიმე. სოფლამდე ავტოტრანსპორტის სავალი გზაა. აღმოსავლეთით არსებულ ტაბაკელას ქედზე მდებარეობს მოთენას მღვიმე, რომლისკენაც სოფლიდან მიემართება 0.5 კმ სიგრძის ბილიკი.
მოთენას მღვიმე (ზ.დ. 570 მ) გამომუშავებულია ეოცენურ შრეებიან კირქვებში. მღვიმე ჰორიზონტალურია და აღმავალი. მისი წინა ნაწილი ჩამონგრეულია და ღია ხეობას წარმოადგენს. მოთენას მღვიმე შედგება ორი დიდი დარბაზისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ვიწრო ხვრელით. პირველი დარბაზის სიგრძეა 30 მ, სიმაღლე – 24-25 მ. მღვიმის ჯამური სიგრძეა 75 მ. ქიმიური ნალექებიდან შეინიშნება სტალაქტიდები, სტალაგმიტები, ტრავერტინის კასკადები და ფარდები; მექანიკურიდან – ლოდები და თიხის ნაფენები; გაედინება მცირე მდინარე. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები, ობობები, მწერები და სხვ. აქვეა ისტორიული დროის ნაგებობა, რომელიც შუა საუკუნეებში გამოყენებული იყო ციხე-სიმაგრედ. მღვიმე ადვილი გასავლელია.

დილით მივემართებით ტობას კასკადოვანი ჩანჩქერისკენ, რომელიც ბანაკიდან 1.5 კმ მანძილზე მდებარეობს. ჩანჩქერამდე ბილიკი მარტივად სავალია. ბილიკის ბოლოს მივადგებით ჩანჩქერის კასკადის ბოლო საფეხურს რომლის სიმაღლე დაახლოებით 30 მ-ია. თუ სურვილი გვაქვს კასკადის შუა ნაწილზე მოვხვდეთ და იქედან გადმოვხედოთ მთლიან კასკადს, ეს შესაძლებელია ჩანჩქერის მარცხენა ციცაბო ფერდობზე არსებული ციცაბო ბილიკის ავლით.

არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე და ტობას ჩაჩქერი. 

არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე (ზ.დ. 750 მ) გამომუშავებულია ზედაცარცულშრეებიან კირქვებში. მღვიმე (შესასვლელის სიმაღლე 25 მ; სიგანე – 11 მ) მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, 100 მეტრზე წარმოქმნის 550 მ სიგრძის მეანდრს, ხოლო 850 მეტრზე იკეტება სიფონური ტბით (150 მ/კვ). მღვიმის ჭერის სიმაღლე მერყეობს 8-30 მ ფარგლებში. ძირითადი მაგისტრალი ივითარებს განშტოებებს. პირველი განშტოება შესასვლელიდან 100 მეტრზეა, მეორე პირველი განშტოებიდან 40 მეტრით მაღლაა. აქვს მესამე განშტოებაც. მღვიმის ჯამური სიგრძეა 1150 მ. ქიმიური ნალექებიდან შეინიშნება სტალაქტიდები, სტალაგმიტები, სვეტები; მექანიკური ნალექებიდან – ნგრევის ადგილობრივი მასალა (ლოდები და ალუვიონი). ჰაერის ტემპერატურაა 14.4 გრადუსი. მღვიმეში გაედინება მიწისქვეშა ნაკადი, რომლის დებიტია 0.276 მეტრ კუბი წამში, ხოლო ტემპერატურა – 10.2 გრადუსი. მღვიმე ძნელად მისავალია. მასში გადასაადგილებლად საჭიროა რეზინის ნავი. არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმიდან გადმოედინება 234 მ სიმაღლის კასკადოვანი ჩანჩქერი, რომელიც საფეხურებად არის წარმოდგენილი.

მღვიმისა და ჩანჩქერის მონახულების შემდეგ ბილიკით მივემართებით ონიორეს ჩანჩქერისკენ, რომელიც მდებარეობს აღნიშნული ძეგლიდან ჩრდილო-დასავლეთით, 2 კმ მანძილზე. ჩანჩქერი გადმოედინება ტობა II მღვიმიდან. ალპინისტური და სპელეოლოგიური აღჭურვილობის ქონის შემთხვევაში შესაძლებელია მღვიმეში შესვლა.

ტობას მეორე მღვიმე და ონიორეს ჩანჩქერი.     

ტობის მეორე მღვიმე (ზ.დ. 750 მ) გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებიან კირქვებში. მღვიმე იწყება 5 მ სიგანისა და 5 მ სიმაღლის შესასვლელით, რომელიც გადადის გუმბათოვან დარბაზში. აქედან იგი სწორხაზოვნად ვრცელდება ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. შესასვლელიდან 150-160 მეტრზე უხვევს აღმოსავლეთისაკენ და თავდება სიფონით. მღვიმე მოიცავს სამ განშტოებას. ძირითადი განშტოება შედგება სამი დარბაზისაგან, რომელთაგან ყველაზე დიდია მეორე (15X15მ). მღვიმის ჯამური სიგრძეა 235 მ. ქიმიური ნალექებიდან შეინიშნება სანთლისებური სტალაგმიტები, ფარდები და მიკროსტალაქტიდები; მექანიკურიდან – ლოდები და თიხის ნაფენები. მღვიმე დინამიურია. ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსია. მღვიმიდან გამოედინება წყლის უხვი ნაკადი, რომელიც ზედაპირზე წარმოქმნის ონიორეს ჩანჩქერს (80-85 მ). მღვიმური ნაკადი შუა ნაწილში განავითარებს ელიფსური ფორმის (8,5X6 მ.), ხოლო სათავეში – სიფონურ ტბას. წყლის ტემპერატურა 10.2 გრადუსს, ხოლო დებიტი – 42 ლ/წ. შეადგენს. მღვიმეში ბინადრობს ღამურები, ობობები და მწერები. მღვიმე ძნელად მისავალია. აქვე, ჩანჩქერის ძირთან ახლოს არის ბზის უნიკალური კორომი.

ტყეში გამავალი ბილიკით მივეშურებით ადგილ რაჩხასკენ (8 კმ), სადაც მრავლადაა წყაროები. ერთ-ერთ წყაროსთან ვბანაკდებით და შემდეგ გეზს ვიღებთ აბაშის ჩანჩქერისკენ, რომელიც აღნიშნული პუნქტიდან, დაახლოებით, 1.5 კმ-ით არის დაშორებული.

აბაშის ჩანჩქერი. 

აბაშის ჩანჩქერი (ზ.დ. 760 მ) მდ. აბაშის ზემო დინების მარცხენა შენაკადიდან ვითარდება. იგი კირქვის ქარაფში გამოდის მღვიმიდან და იქვე ეცემა 30 მ სიმაღლიდან. წყალვარდნილი ძირში ქმნის ორმოს, რომლის დიამეტრი 12 მეტრია. მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ არის ორი მომცრო ჩანჩქერი. მათ დაჰყურებს 200 მ სიმაღლის კირქვული ქარაფი. ჩანჩქერის მიდამოები ხშირი ტყითაა დაფარული. ყურადღებას იპყრობს საკმაოდ ძნელად გასავალი ტევრები. აქვე მდებარეობს რაჩხა, კარსტული წყლების უხვი გამოსავლებით.

Iმივდივართ სოფ. მეორე ბალდაში (7 კმ). გზაში, მდ. ჯორწყუსთან, ბილიკიდან ვუხვევთ (1.5 კმ) ჯორჭყუს მღვიმის სანახავად.

ჯორწყუს მღვიმე.

ჯორწყუს მღვიმე ორსართულიანია. დახშული მღვიმე იწყება ვრცელი შესასვლელი დარბაზით, რომელსაც 4-5 მ სიგანისა და 3-5 მ სიმაღლის დერეფანი აგრძელებს. შესასვლელიდან 100 მ-ის დაშორებით ორ განშტოებას განავითარებს. ძირითადი მაგისტრალი მეანდრულია. ის ბოლოში მოზრდილ დარბრაზში გადადის, რომლის კედელზეც მღვიმის 30 მ. სიგრძის მეორე სართული იხსნება. მღვიმის მთელ სიგრძეზე აღინიშნება მღვიმური ნალექები, მათ შორის სჭარბობს სტალაქტიტები, სტალაგმიტები- იშვიათია. მდიდარია პლასტიკური თიხის, 3,5 – 4 მ სისქის ნაფენებით. ჰაერის ტემპერატურა მღვიმეში 16 გრადუსია. მღვიმეში გაედინება 4-5 ლ/წმ დებიტის მქონე ნაკადი, რომელსაც აღმოსავლეთ განშტოებასთან უერთდება მეორე ნაკადი. მიწისქვეშ 15 მ გავლის შემდეგ იგი მდ. ჯორწყუს ხეობის მარცხენა მხარეს წყაროს სახით გამოდის. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები და ობობები, ხოლო ნაკადში – ღორტავები. მღვიმე პალეოლითური ადამიანის სადგომს წარმოადგენს. ნაპოვნია მღვიმური დათვის, ფოცხვერის, დომბის და სხვა ცხოველთა ძვლები.

საკვების მარაგის შევსება. საკვები მარაგის შევსება შესაძლებელია ქ. მარტვილში და, ნაწილობრივ, სოფ. ბალდაში. სასმელი წყალი ხეობაში პრობლემას არ წარმოადგენს. ხეობის დიდი ნაწილი მობილური ოპერატორების დაფარვის ზონაშია. სოფ. ბალდაში, ასვე, შესაძლებელია გამყოლი პირის მოძიება და ცხენების დაქირავება.

ვიდეო –  მარტვილის ტურისტული ბილიკები.

ლაგოდეხის ნაკრძალი

ლაგოდეხში მოხვდებით სამარშუტკო ტაქსით. ბილეთის ფასი ~8-10 ლ. ისნის მეტროდან.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს. დაცული ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს.

ლაგოდეხის ალპურ სარტყელში მყინვარული წარმოშობის რამდენიმე ძალიან ლამაზ ტბაა, მათგან ყველაზე დიდი შავი კლდის ტბა – რომლის სიღრმე თოთხმეტ მეტრს აღწევს. იგი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს.

 

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობენ საფრთხის წინაშე მყოფი და გადაშენების პირას მყოფი ისეთი ცხოველები, რომლებიც საქართველოს “წიტელ ნუსხაშია” შეტანილი, ასეთებია: არჩვი, კავკასიური ჯიხვი, ირემი, რომლის მხოლოდ რამოდენიმე პოპულაციაა შემორჩენილი საქართველოში, შველი, გარეული ღორი.
მტაცებლებიდან აღსანიშნავია ფოცხვერი, მგელი , ასევე საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი მურა დათვი.
ფრინველებიდან ყურადღებას იქცევენ მტაცებელი ფრინველები, რომლის გარეშე ლაგოდეხის ნაკრძალი და აღკვეთილი წარმოუდგენელია. აქ ბინადრობს კრავიჭამია ანუ ბატკანძერი, მთის არწივი, შევარდენი, მთის და ველის არწივი, ბექობის არწივი.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია გთავაზობთ 4 საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტს:

1. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “ლაგოდეხის ჩანჩქერი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 7 კმ;

მარშრუტი იწყება ნაკრძალის ადმინისტრაციული ცენტრიდან, მიუყვება მდინარე შრომის ხევის მარცხენა მხარეს და შედის ხეობაში საფეხმავლო ბილიკით და სრულდება ჩანჩქერთან. მარშრუტი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, ნახონ ხელუხლებელი ფართოფოთლოვანი ტყე, სხვადასხვა ჯიშის საუკუნოვანი ხეები, მინერალური გოგირდოვანი წყაროები. ვიზიტორებს აგრეთვე საშუალება აქვთ გზად შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე.

2. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “გურგენიანის ჩანჩქერი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 8 კმ;

მარშრუტი იწყება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან ავტომანქანით სოფ. ზემო გურგენიანში, ნინოს ხევის ხეობის დასაწყისამდე, შემდეგ ფეხით მიემართება ვიწრო ბილიკით ხეობის გასწვრივ ჩანჩქერამდე. მარშრუტზე ვიზიტორები ნახავენ მრავალსაუკუნოვან ცაცხვის ხეს, კლდეებზე გადმომდინარე ანკარა წყაროებს, მდინარეებზე ბუნებრივად შექმნილ მრავალ კომპოზიციას. ვიზიტორებს აქვთ საშუალება, გზად შეისვენონ საპიკნიკე ადგილას.

3. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “მაჭის ციხე”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 4კმ;

მარშრუტი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან, კერძოდ კი სოფელ მაწიმის უბნიდან და ბილიკით მიუყვება მდინარე მაწიმჩაის პარალელურად “მაჭის ციხემდე”, სადაც V-VI საუკუნის ისტორიულ-კულტურული ძეგლის ნანგრევებია შემორჩენილი. ამ მარშრუტის გავლისას არა არის გამორიცხული ვიზიტორები შეხვდნენ გარეულ ცხოველებს: ირემი, შველი, გარეული ღორი და სხვა.

4. სამანქანო – საცხენოსნო ტურისტული მარშრუტი “შავი კლდეების ტბა”:

მარშრუტის ხანგრძლივობა – 3 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 50კმ;

მარშრუტი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან, მანქანით გადაადგილდება სოფელ მაწიმში, იქიდან საცხენოსნო ბილიკით მიუყვება მიტოს სერის მიმართულებით ალპური ზონისკენ და გადის სახელწიფო საზღვრის პარალელურად შავი კლდეების ტბის მიმართულებით.
პირველი შესვენება (კემპინგი) – ე.წ. წყაროს მიდამოებში;
მეორე შესვენება – შავი კლდეების ტბის მიდამოებში;
მესამე შესვენება – მთა ნინიგორას მიდამოებში.

გზად გვხვდება გადასახედები, კლდეები, სადაც ბინადრობენ ჯიხვები, არჩვები, ირმები, შვლები და სხვა ცხოველები თუ მტაცებელი ფრინველები. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ, გადაადგილდნენ ცხენებით, ღამე გაათენონ კარვებში და იქირაონ შესაბამისი აღჭურვილობა.

http://www.dpa.gov.ge/?site-id=39&page=3&id=37

რუკა 

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია. მის სხვადასხვა უბნებზე მარელისში (იმერეთის უბანი), აწყურში (სამცხის მხარე), ლიკანსა და ქვაბისხევში (ბორჯომის მხარე) დამთვალიერებლებს პარკში მდებარე კომფორტული თავშესაფრები უმასპინძლებს.

რას გთავაზობთ პარკი

1. ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი

მრავალფეროვანი ბილიკი, რომელიც კვეთს ეროვნულ პარკს ლიკნიდან (ბორჯომის რაიონი) მარელისამდე (ხარაგაულის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 39-41 კმ.
ორი ღამისთევა ეროვნულ პარკში. ლომის მთის და სახვლარის ტურისტულ თავშესაფრებში.
I დღე – დაახლოებით 5 საათი, II დღე – დაახ. 6,5 საათი. III დღე – 2 საათი.
ერთდღიანი ლაშქრობა შესაძლებელია ლომის მთის მცველთა თავშესაფრამდე. (დაახ. 4 საათი). შეიძლება ლაშქრობაში VI მარშრუტის კომბინირება.

_______________________________________________________________________________
2. ანდრია პირველწოდებულის ბილიკი

ბილიკი ეროვნული პარკს აწყურიდან მარელისამდე (ან პირიქით) კვეთს. გაივლის ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალს – მთა სამეცხვარიოს (2642 მ.) 2-3 ღამისთევა: ამარათის ტურისტულ თვშესაფარში, დიდი სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში და მცველთა თავშესაფრებში ან კარავში.
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 49-51 კმ. I დღე დაახ. 6 საათი, II დღე – 4-4,5 საათი (დამოკიდებულია ღამისთევის ადგილზე). III დღე დამოკიდებულია ღამეს სად გაათევთ.

_______________________________________________________________________________
3. პანორამების ბილიკი

რთული, წრიული ბილიკი ულამაზესი ხედებით აწყურის მცველთა საგუშაგოდან ამარათის ტურისტული თავშესაფრის გავლით. ერთი ღამისთევა.
მარშრუტის ხანგრძლივობა: I დღე – 16 კმ. 6 საათი. II დღე – 18 კმ, 6 საათი.

_______________________________________________________________________________
4. ხელუხლებელი ტყის ბილიკი

უმოკლესი ბილიკი, რომელიც ეროვნული პარკს კვეთს. ნუნისის მცველთა საგუშაგოდან (ხარაგაულის რაიონი) ზანავის მცველთა საგუშაგომდე (ბორჯომის რაიონი) ან პირიქით. განსაკუთრებით გირჩევთ დეკის ყვავილობის დროს. (აპრილი-მაისი). ღამისთევა ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან კარავში.
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 12-13 კმ. დაახ. 6 საათი.

_______________________________________________________________________________
5. ზეკარის უღელტეხილის ბილიკი

აბასთუმნის მცველთა საგუშაგოდან დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფრამდე (ადიგენის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: 9-10 კმ. დაახ. 4-4,5 საათი. ერთი ღამისთევა დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფარში.
ეროვნული პარკის გადაკვეთა მთის ველოსიპედით შესაძლებელია აბასთუმნიდან ზეკარის უღელტეხილის გავლით საირმემდე.

_______________________________________________________________________________
6. ნაკვალევის ბილიკი

ერთდღიანი მარშრუტი მრავალფეროვან ბუნებაში ლიკნიდან ქვაბისხევამდე (ბორჯომის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 12 – 13 კმ, დაახ. 6 საათი.

_______________________________________________________________________________
7. ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი

საგანმანათლებლო ბილიკი იწყება ეროვნული პარკის ბორჯომის ადმინისტრაციიდან.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 3 კმ. დაახ. 1,5 საათი.
ბილიკის გასწვრივ განლაგებულია 9 სტენდი, რომლებიც სხვადასხვა თემას ეხება: რას წარმოადგენს ეროვნული პარკი, ეროვნული პარკის ფლორა და ფაუნა, მცენარეული საფარი, ტრადიციული გამოყენების ზონა და სხვა. ინსტალაციებთან მცირე სირთულეც ელით მოლაშქრეებს: უნდა გამოიცნონ სად ნადირობს მსხვერპლზე მთის არწივი ან კიდევ უნდა ააწყონ მოძრავი ინსტალაცია, რომელიც ეროვნული პარკის ცხოველებზეა: რომელი კვალი რომელ ცხოველს ეკუთვნის? ბილიკზე ლაშქრობა შესაძლებელია მარტო ან ეროვნული პარკის გიდთან ერთად.

_______________________________________________________________________________

8. მეღრუკის ხეობა

წრიული ბილიკი დიდი სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან მდინარე მეღრუკის ხეობის გავლით (სტეფურის ჭალა)
მარშრუტის ხანგრძლივობა: 5,5 კმ დიდი სახვლარიდან, დაახ 3 საათი.

_______________________________________________________________________________
9. მწყემსების ბილიკი

ბილიკი მიუყვება შავ სერს და აკავშირებს ამარათისა და ლომის მთის ტურისტულ თავშესაფრებს.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 14 კმ, დაახ. 5,5 საათი.

_______________________________________________________________________________

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ტყეები წარმოდგენილია მუქწიწვოვანი, ფოთლოვანი და შერეული ტყეებით. შერეულ ფოთლოვან ტყეებს უმთავრესად წაბლი, წიფელი, რცხილა, კავკასიური ცაცხვი, კოლხური მუხა, დეკა და იფანი ქმნიან. სიმაღლის ცვლილებასთან ერთად ერთი ფოთლოვანი ტყე მეორეთი იცვლებაა: წიფლნარებს ზოგან ენაცვლება შერეული ფოთლოვანი ტყეები კოლხური ტიპის ქვეტყით, ხოლო შემდგომ რცხილნარები, წიფლნარ-წაბლნარები, ნაძვნარები, სოჭნარები. Bბორჯომის ხეობაში გავრცელებულია წიწვოვანი ტყეები – ნაძვნარი, ფიჭვნარი, ფიჭვნარ-ნაძვნარი, სოჭნარი და ნაძვნარ-სოჭნარი.
ტყის სარტყლის ზედა ზონებში გაბატონებულია მუქწიწვოვანი ტყეები – ნაძვნარები და სოჭნარები, რომელიც აღმოსავლური ნაძვით, კავკასიური სოჭით და ფიჭვითაა შექმნილი. სუბალპურ სარტყელში გავრცელებულია სუბალპური ტყეები და ბუჩქნარები, სუბალპური მაღალ ბალახეულობა და მდელოები.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია ისეთი იშვიათი, ენდემური და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სახეობები, როგორებიცაა: წაბლი, კოლხური მუხა, უთხოვარი, სტევენისა და ვინოგრადოვის ზამბახი.

მრავალფეროვანია ბორჯომ-ხარაგაულის ფაუნა. ეროვნული პარკის მშვენება მისი ძუძუმწოვარა მაცხოვრებლები არიან. მსხვილი მტაცებლებიდან ნაკრძალში გვხვდება მგელი, ფოცხვერი და დათვი. ჩლიქოსნებიდან პარკის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად შველსა და გარეულ ღორს ნახავთ. ბორჯომის ხეობა ყოველთვის განთქმული იყო კავკასიური კეთილშობილი ირმის პოპულაციით. ირმის რაოდენობამ ამჟამად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 140-მდე მიაღწია. აქაურ კლდეებზე ოდითგანვე სახლობდნენ ნიამორები, თუმცა ამჟამად აქ მხოლოდ რეინტროდუცირებული ნიამორები ბინადრობენ, რომლებიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასა და ბუნებისდაცვის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით მეზობელი სომხეთიდან იქნა შემოყვანილი. Aაქ გავრცელებული მსხვილი ძუძუმწოვრების უმრავლესობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია” შესული.

წვრილი ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობენ რამდენიმე სახეობის თაგვი, ძილგუდა, სინდიოფალა, ტყის კვერნა, კლდის კვერნა, კავკასიური ციყვები. ფაქტიურად ყველგან გვხვდება მელა და კურდღელი.

ქვეწარმავლებიდან ეროვნულ პარკში ხვლიკის და გველის რამდენიმე სახეობა გვხვდება. მათგან აღსანიშნავია, კავკასიური ჯოჯო და ხმელთაშუაზღვის კუ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მკვიდრი ფრინველებიდან აღსანიშნავია ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა მთის არწივი, ორბი , სვავი და კავკასიური როჭო .

www.borjomi-kharagauli-np.ge

www.dpa.gov.ge