მარტვილის კანიონი

 

მდებარეობა.

მარტვილის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, თბილისიდან 274 კმ., ქუთაისიდან 46 კმ, ბათუმიდან 140 კმ, ფოთიდან 74 კმ, ხოლო ანაკლიიდან 100 კმ მანძილზე.

მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული და ბუნების უნიკალური ძეგლებით. მათ შორის გამოირჩევა სოფ. სალხინოს დადიანების საზაფხულო სასახლე, მარტვილისა (VII ს.) და ბალდის მამათა მონასტრები. ბუნების ძეგლთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მდ.აბაშის ხეობაში მდებარე გაჭედილისა და ბალდის კანიონები, მოთენას მღვიმე, ტობას კასკადოვანი (234 მ), ონიორეს (80 მ) და აბაშის (30 მ) ჩანჩქერები; მოთენას, არსენ ოქროჯანაშვილის, ტობას მეორე და ჯორწყუს მღვიმეები; რაჩხის უნიკალური ვოკლუზები და იშვიათი რელიქტური ტყეები. არანაკლებ ყურადღებას იპყრობს მდ. ტეხური ბუნების უნიკალური ძეგლებითა და იშვიათი ტყეებით.

გაჭედილას კანიონი(ქ.მარტვილიდან 5 კმ.)

გაჭედილის კანიონი მდებარეობს სოფელ გაჭედილსა და ინჩხურს შორის. მდ. აბაშა კვეთს ანტიკლინურ სერს და წარმოქმნის გაჭედილის კანიონს, რომლის სიგრძეა 2400 მ, ხოლო ჩაჭრის სიღმე – 20-40 მ. რამდენიმე ადგილას კანიონი საფეხურებრივია და შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის მარტვილის ცნობილ ჩანჩქერს წარმოქმნის. კანიონში ნავით საკმაოდ ღრმად შეცურვა არის შესაძლებელი.

მოთენას მღვიმე. 

გაჭედილის კანიონიდან 3.5 კმ დაშორებით სოფ. პირველ ბალდაში მდებარეობს მოთენას მღვიმე. სოფლამდე ავტოტრანსპორტის სავალი გზაა. აღმოსავლეთით არსებულ ტაბაკელას ქედზე მდებარეობს მოთენას მღვიმე, რომლისკენაც სოფლიდან მიემართება 0.5 კმ სიგრძის ბილიკი.
მოთენას მღვიმე (ზ.დ. 570 მ) გამომუშავებულია ეოცენურ შრეებიან კირქვებში. მღვიმე ჰორიზონტალურია და აღმავალი. მისი წინა ნაწილი ჩამონგრეულია და ღია ხეობას წარმოადგენს. მოთენას მღვიმე შედგება ორი დიდი დარბაზისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ვიწრო ხვრელით. პირველი დარბაზის სიგრძეა 30 მ, სიმაღლე – 24-25 მ. მღვიმის ჯამური სიგრძეა 75 მ. ქიმიური ნალექებიდან შეინიშნება სტალაქტიდები, სტალაგმიტები, ტრავერტინის კასკადები და ფარდები; მექანიკურიდან – ლოდები და თიხის ნაფენები; გაედინება მცირე მდინარე. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები, ობობები, მწერები და სხვ. აქვეა ისტორიული დროის ნაგებობა, რომელიც შუა საუკუნეებში გამოყენებული იყო ციხე-სიმაგრედ. მღვიმე ადვილი გასავლელია.

დილით მივემართებით ტობას კასკადოვანი ჩანჩქერისკენ, რომელიც ბანაკიდან 1.5 კმ მანძილზე მდებარეობს. ჩანჩქერამდე ბილიკი მარტივად სავალია. ბილიკის ბოლოს მივადგებით ჩანჩქერის კასკადის ბოლო საფეხურს რომლის სიმაღლე დაახლოებით 30 მ-ია. თუ სურვილი გვაქვს კასკადის შუა ნაწილზე მოვხვდეთ და იქედან გადმოვხედოთ მთლიან კასკადს, ეს შესაძლებელია ჩანჩქერის მარცხენა ციცაბო ფერდობზე არსებული ციცაბო ბილიკის ავლით.

არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე და ტობას ჩაჩქერი. 

არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე (ზ.დ. 750 მ) გამომუშავებულია ზედაცარცულშრეებიან კირქვებში. მღვიმე (შესასვლელის სიმაღლე 25 მ; სიგანე – 11 მ) მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, 100 მეტრზე წარმოქმნის 550 მ სიგრძის მეანდრს, ხოლო 850 მეტრზე იკეტება სიფონური ტბით (150 მ/კვ). მღვიმის ჭერის სიმაღლე მერყეობს 8-30 მ ფარგლებში. ძირითადი მაგისტრალი ივითარებს განშტოებებს. პირველი განშტოება შესასვლელიდან 100 მეტრზეა, მეორე პირველი განშტოებიდან 40 მეტრით მაღლაა. აქვს მესამე განშტოებაც. მღვიმის ჯამური სიგრძეა 1150 მ. ქიმიური ნალექებიდან შეინიშნება სტალაქტიდები, სტალაგმიტები, სვეტები; მექანიკური ნალექებიდან – ნგრევის ადგილობრივი მასალა (ლოდები და ალუვიონი). ჰაერის ტემპერატურაა 14.4 გრადუსი. მღვიმეში გაედინება მიწისქვეშა ნაკადი, რომლის დებიტია 0.276 მეტრ კუბი წამში, ხოლო ტემპერატურა – 10.2 გრადუსი. მღვიმე ძნელად მისავალია. მასში გადასაადგილებლად საჭიროა რეზინის ნავი. არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმიდან გადმოედინება 234 მ სიმაღლის კასკადოვანი ჩანჩქერი, რომელიც საფეხურებად არის წარმოდგენილი.

მღვიმისა და ჩანჩქერის მონახულების შემდეგ ბილიკით მივემართებით ონიორეს ჩანჩქერისკენ, რომელიც მდებარეობს აღნიშნული ძეგლიდან ჩრდილო-დასავლეთით, 2 კმ მანძილზე. ჩანჩქერი გადმოედინება ტობა II მღვიმიდან. ალპინისტური და სპელეოლოგიური აღჭურვილობის ქონის შემთხვევაში შესაძლებელია მღვიმეში შესვლა.

ტობას მეორე მღვიმე და ონიორეს ჩანჩქერი.     

ტობის მეორე მღვიმე (ზ.დ. 750 მ) გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებიან კირქვებში. მღვიმე იწყება 5 მ სიგანისა და 5 მ სიმაღლის შესასვლელით, რომელიც გადადის გუმბათოვან დარბაზში. აქედან იგი სწორხაზოვნად ვრცელდება ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. შესასვლელიდან 150-160 მეტრზე უხვევს აღმოსავლეთისაკენ და თავდება სიფონით. მღვიმე მოიცავს სამ განშტოებას. ძირითადი განშტოება შედგება სამი დარბაზისაგან, რომელთაგან ყველაზე დიდია მეორე (15X15მ). მღვიმის ჯამური სიგრძეა 235 მ. ქიმიური ნალექებიდან შეინიშნება სანთლისებური სტალაგმიტები, ფარდები და მიკროსტალაქტიდები; მექანიკურიდან – ლოდები და თიხის ნაფენები. მღვიმე დინამიურია. ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსია. მღვიმიდან გამოედინება წყლის უხვი ნაკადი, რომელიც ზედაპირზე წარმოქმნის ონიორეს ჩანჩქერს (80-85 მ). მღვიმური ნაკადი შუა ნაწილში განავითარებს ელიფსური ფორმის (8,5X6 მ.), ხოლო სათავეში – სიფონურ ტბას. წყლის ტემპერატურა 10.2 გრადუსს, ხოლო დებიტი – 42 ლ/წ. შეადგენს. მღვიმეში ბინადრობს ღამურები, ობობები და მწერები. მღვიმე ძნელად მისავალია. აქვე, ჩანჩქერის ძირთან ახლოს არის ბზის უნიკალური კორომი.

ტყეში გამავალი ბილიკით მივეშურებით ადგილ რაჩხასკენ (8 კმ), სადაც მრავლადაა წყაროები. ერთ-ერთ წყაროსთან ვბანაკდებით და შემდეგ გეზს ვიღებთ აბაშის ჩანჩქერისკენ, რომელიც აღნიშნული პუნქტიდან, დაახლოებით, 1.5 კმ-ით არის დაშორებული.

აბაშის ჩანჩქერი. 

აბაშის ჩანჩქერი (ზ.დ. 760 მ) მდ. აბაშის ზემო დინების მარცხენა შენაკადიდან ვითარდება. იგი კირქვის ქარაფში გამოდის მღვიმიდან და იქვე ეცემა 30 მ სიმაღლიდან. წყალვარდნილი ძირში ქმნის ორმოს, რომლის დიამეტრი 12 მეტრია. მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ არის ორი მომცრო ჩანჩქერი. მათ დაჰყურებს 200 მ სიმაღლის კირქვული ქარაფი. ჩანჩქერის მიდამოები ხშირი ტყითაა დაფარული. ყურადღებას იპყრობს საკმაოდ ძნელად გასავალი ტევრები. აქვე მდებარეობს რაჩხა, კარსტული წყლების უხვი გამოსავლებით.

Iმივდივართ სოფ. მეორე ბალდაში (7 კმ). გზაში, მდ. ჯორწყუსთან, ბილიკიდან ვუხვევთ (1.5 კმ) ჯორჭყუს მღვიმის სანახავად.

ჯორწყუს მღვიმე.

ჯორწყუს მღვიმე ორსართულიანია. დახშული მღვიმე იწყება ვრცელი შესასვლელი დარბაზით, რომელსაც 4-5 მ სიგანისა და 3-5 მ სიმაღლის დერეფანი აგრძელებს. შესასვლელიდან 100 მ-ის დაშორებით ორ განშტოებას განავითარებს. ძირითადი მაგისტრალი მეანდრულია. ის ბოლოში მოზრდილ დარბრაზში გადადის, რომლის კედელზეც მღვიმის 30 მ. სიგრძის მეორე სართული იხსნება. მღვიმის მთელ სიგრძეზე აღინიშნება მღვიმური ნალექები, მათ შორის სჭარბობს სტალაქტიტები, სტალაგმიტები- იშვიათია. მდიდარია პლასტიკური თიხის, 3,5 – 4 მ სისქის ნაფენებით. ჰაერის ტემპერატურა მღვიმეში 16 გრადუსია. მღვიმეში გაედინება 4-5 ლ/წმ დებიტის მქონე ნაკადი, რომელსაც აღმოსავლეთ განშტოებასთან უერთდება მეორე ნაკადი. მიწისქვეშ 15 მ გავლის შემდეგ იგი მდ. ჯორწყუს ხეობის მარცხენა მხარეს წყაროს სახით გამოდის. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები და ობობები, ხოლო ნაკადში – ღორტავები. მღვიმე პალეოლითური ადამიანის სადგომს წარმოადგენს. ნაპოვნია მღვიმური დათვის, ფოცხვერის, დომბის და სხვა ცხოველთა ძვლები.

საკვების მარაგის შევსება. საკვები მარაგის შევსება შესაძლებელია ქ. მარტვილში და, ნაწილობრივ, სოფ. ბალდაში. სასმელი წყალი ხეობაში პრობლემას არ წარმოადგენს. ხეობის დიდი ნაწილი მობილური ოპერატორების დაფარვის ზონაშია. სოფ. ბალდაში, ასვე, შესაძლებელია გამყოლი პირის მოძიება და ცხენების დაქირავება.

ვიდეო –  მარტვილის ტურისტული ბილიკები.

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s