//
you're reading...
სტატიები, ტბები | Lakes

ტობაზე თუ არ დაიკარგე, რაა მამული

_DSC6876

 

ტობა ვარჩხილი 
დღესდღეობით ტობავარჩხილი, შეიძლება ითქვას ყველაზე პოპულარული ადგილია ლაშქრობის მოსაწყობად უკაცრიელ და ცივილიზაციისგან მოწყვეტილ ადგილებს შორის.    ულამაზესი პანორამები,  გაუვალი ტყეები, ყინულოვანი კლდეებიდან მომდინარე მოჩუხჩუხე წყაროები, შიმშილი, სიცივე, უძილობა,  დაღლა – ეს იმ სიამოვნების მოკლე ჩამონათვალია, რაც აქ  არც ისე კარგად მომზადებულ  მოლაშქრეს შეიძლება გადახდეს თავს.

3 წლის წინ

ზუსტად 1095 დღის წინ გავიგეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ამ ტბის შესახებ. ინტერნეტში არსებული  სურათები იმდენად მოგვეწონა, პირველივე ზაფხულზე გადავწყვიტეთ საკუთარი თვალით გვენახა ეს სილამაზე.   დღეებს ვითვლიდით, თუმცა როგორც ჩანდა მიზნის მიღწევამდე საკმაოდ დიდი დრო იყო.

საბოლოოდ განვლო 3- მა ზამთარმა,  ამდენივე  გაზაფხულმა, შემოდგომამ და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ერთ მშვენიერ დღეს დადგა  ზაფხული.   განსაკუთრებული ამ ზაფხულში იყო ის, რომ ვიყიდეთ ბილეთები… უკვე ტობავარჩხილზე ლაშქრობა გარდაუვალი იყო და მას წინ ვეღარაფერი აღუდგებოდა. გამგზავრების თარიღიც მტკიცე და უცვლელი – 25 ივლისი. (2014 წ.)

25 ამდე იყო 24 და იყო ჩიხურა.

10541_big

გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, საჩხერის ჩიხურამ უდიდესი სიურპრიზი შემოგვთავაზა. ერთი შეხედვით არაფერია ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა, თუმცა 2014 წლის, ქართული ფეხბურთის  მდგომარეობით ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. ( როცა 20 წლის შემდეგ ამას წავიკითხავ იმედია გამეცინება, რა ცოტა მყოფნიდა ბედნიერებისთვის)

ასე იყო თუ ისე, ლაშქრობა დადებითი განწყობითა და ემოციებით დავიწყეთ.

                                                                                   ***

,,პირველად იყო მატარებელი, და მატარებელი იყო ძალიან ,,თბილი” და ჩახუტებული” 

მარშრუტის გათვალისწინებთ, რაც გულისხმობდა თბილისიდან სენაკში მოხვედრას, ყველაზე იაფი საშუალება ავირჩიეთ და ზუსტად 21:10 წუთზე მატარებლით  დავტოვეთ დედაქალაქი.   ერთი ფიქრი ვიფიქრეთ დედაქალაქთან ერთად ფილტვებიც გარეთ დაგვეტოვებინა,  მაგრამ მალე  ჩვენდა გასაოცრად,  კონდიციონერი ჩაირთო  და ცოტა ამოვისუნთქეთ, თუმცა   ჩასუნთქვას მაინც ვერ ვრისკავდით.

ღამის სენაკი

ღამის  სენაკი არც პარიზს გავს და არც  ლონდონს, თუმცა როცა ტობავარჩხილზე მიდიხარ ორივე ზემოთხსენებულ ქალაქზე მეტი ფასი აქვს. ამგვარად აღმოვჩნდით 26 ივლისის დილის 4 საათზე  სენაკში.  აქ ქუთაისიდან კიდევ ერთი ძმაკაცი შემოგვიერთდა და უკვე გაზრდილი რაოდენობით – მთელი 3 კაცი, მოვთავსდით  ს.მუხურისკენ მიმავალ სამარშუტო ტაქსში. სწორედ ეს იყო ბოლო დასახლებული სოფელი სადამდეც ტრანსპორტით მისვლა გვქონდა გეგმაში, ამის შემდეგ კი დარჩენილი 40 კილომეტრი ფეხით უნდა გაგვევლო.

მდინარე ხობისწყალი

სენაკიდან წამოსულები მალე სოფელ მუხურში ჩავედით. სამარშუტო ტაქსმა პირდაპირ მდინარე ხობისწაყლთან მიგვიყვანა სადაც ხიდზე უნდა გადავსულიყავით და მარჯვნივ მიმავალ გზას გავყოლოდით.   დიდი იყო პირველი შთაბეჭდილება რომელიც მდინარემ ჩვენზე მოახდინა.   ხობისწაყლი ულამაზესი იყო.  საოცრად კამაკამა, მწვანე ფერი ჰქონდა.  მდინარის დანახვისთანავე ბანაობის სურვილი გაგვიჩნდა იმის მიუხედავად, რომ დილა იყო და წყალი საშინლად ცივი იქნებოდა. თუმცა სურვილი სურვილად დარჩა, რადგან დილა იყო და წყალი საშინლად  ცივი იქნებოდა.

ხიდზე გადასვლის შემდეგ, როგორც მძღოლმა დაგვაკვალიანა, მარჯვნივ მიმავალ გზას გავყევით.  ჩვენი ფიქრით რამდენიმე საათში ტობავარჩხილზე თუ არა მასთან ყველაზე ახლო მდებარე ქოხთან მაინც მივიდოდით.   ეს ის შემთხვევაა როცა ცოდნას უცოდინარობა სჯობს.  ჩვენთვის რომ მაშინ ვინმეს ეთქვა წინ ორმოცი კილომეტრი და საშინელი აღამრთები გველოდა, ნამდვილად უარს ვიტყოდით გზის გაგრძელებაზე და  მხოლოდ მდიანრე ხობისწყალში ბანაობით შემოვიფარგლებოდით…  თუმცა წინ გველოდა სიურპრიზი რომლის შესახებ, ისევე როგორც საშნელი აღმართების შესახებ, არაფერი ვიცოდით.

თუ ტობავარჩხილისკენ მიმავალმა გრუხუნის ხმა გაიგონე ესეიგი ,,დღეა მზიანი…”

ფეხით სავალ გზას დიდი შემართებით დავადექით.     უკვე თორმეტი საათი ხდებოდა და მზემაც განსაკუთრებული მონდომებით ..დაგვაფრქვია” თავზე თავისი სითბო. ფეხქვეშაც  ხრეში ისე გახურებული იყო გვეგონა  ნაკვერჩხლებზე მივდიოდით.   ერთი თქმა კი თქვა რომელიღაცამ, აქ დიდი მანქანები დადიან და იქნებ გაგვიმართლოსო, მაგრამ ეს უფრო  ხავსის ძიებას გავდა.   თუმცა წინ სასწაული გველოდა.  მოულოდნელად ჩვენს ყურთასმენას მისწვდა საოცრად ჰარმონიული, მელოდიური, საამური ხმა უზარმაზარი   მანქანის მატორის.    მოულოდნელი ბედნიერებისგან გარინდულები ველოდით,  ჩვენი გამაბედნიერებელი ხმა  როდის შეისხამდა ხორცს და უზარმაზარი სატვირთო მანქანის სახით წარმოდგებოდა ჩვენს წინაშე.    მართლაც რამდენიმე წუთში, მეტყევეების უზარმაზარი მანქანით მივიკვლევდით გზას ტობავარჩხილისკენ.

ნათიფურას მთა

ნათიფურას მთის ძირში დასრულდა ჩვენი კომფორტული მოგზაურობა. მეტყევეები მარჯვნივ მიმავალი გზით ეშვებოდნენ ქვემოთ, ჩვენ კი მარცხნივ უნდა გავყოლოდით გზას და მთაზე ავსულიყავით. როგორც მეტყევეებმა გვითხრეს აქამდე 19 კილომეტრი გამოვიარეთ, ანუ ჯერ კიდევ 20 კილომეტრი მაინც წინ გვქონდა.

ჩვენც დავემშვიდობეთ ჩვენ კეთილ მეგზურებს და მომავალი დაბრკლებების გადასალახად მოვემზადეთ.  იქვე მომდინარე წყაროდან ცივი წყალი შევსვით და ჭურჭლები ავავსეთ. სხვათა შორის მთელი გზა რაც ნათიფურას მთაზე ასასვლელად დაგვჭირდა სხვაგან სასმელი წყალი არ შეგვხვედრია.

თუმცა შეგვხვდა სამაშველო პიკაპი, მოლაშქრეთა  ჯგუფი და რაც მთავარია მოლაშქრე ძაღლი სახელად როკი. (თუ სწორად მახსოვს) – ყოველშემთხვევაში იმსახურებდა ამ სახელს) რომელიც საშინალად იყო გათანგული.

DSCN1286

შემხვედრმა მოლაშქრეებმა  დაგვაკვალიანეს და გვითხრეს რომ როდესაც წყარომდე მივაღწევდით გზა აღარ უნდა გაგვეგრძელებინა პირდაპირ და იქვე პატარა ბილიკს გავყოლოდით, რომელიც მიგვყივანდა ქოხთან, რაც ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი იყო ერთი დღისთვის. თუმცა 5 კილომეტრი არც ისე ადვილი გასავლელი აღმოჩნდა.   საშინელი აღმართები, სპირალურად დახვეული გზა რომელიც არაფრით მთავრდებოდა.   იმდენად დაღლილები ვიყავით ყოველი აღმართის ბოლოს 5 წუთით მაინც ვისვენებდით.   ერთ-ერთი ასეთი დასვენებისას კი მოხდა სასწაული. კვლავ გრუხუნის ხმა. ერთ დღეში უკვე მეორედ გაგვიმართლა და რამდენიმე წუთში ჩვენს წინ  სატვირთო მანქანა გამოჩნდა, თუმცა სიურპრიზი ამით არ დამთავრებულა, სატვირთო მანქანის ძარაზე ისხდნენ უკრაინელი ტურისტები, მათ შორის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც – ქერა თმებით და ცისფერი თვალებით.ukraina

ასე სასიამოვნოდ ავაღწიეთ ქოხამდე სადაც ჩვენ დარჩენა გადავწყვიტეთ, უკრაინელი ტურისტები კი რომლებსაც იქ ცხენები და მეგზურები ელოდნენ საბანაკე გორისკენ გაემართნენ.

დღე 2 – მარგალი დილა

_DSC6787

მეორე დღეს ადრიანად გავიღიძეთ. მართალია წინა დღის ნასიარულები საშინლად დაღლილები ვიყავით, მაგრამ ეს დაღლილობა მაშინვე გაქრა, როდესაც კარვიდან გამოვედით,  მეგრული დილის სუსხი შევიგრძენით და თითო-თითო უკრაინული შპროტიც დავაგემოვნეთ.ukraina  ეს დილა იყო ჩვენი ლაშქრობის ნამდვილი დასაწყისი,  უკვე ყოველი წამი გაჯერებეული იყო ულამაზესი ხედებით, მთებით და პეიზაჟებით. და რაც მთავარია ტობავარჩხილის ნახვის მოლოდინით.

DSCN1353DSCN1345
ქოხების რეზიდენცია

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ (სინამდვილეში ბევრი ვიარეთ) საბოლოოდ გამოჩნდა ტობავარჩხილის მთავარი ქოხი. ვიცოდით რომ ეს ბოლო ქოხი იყო ტობავარჩხილის გზაზე და ტბამდეც დიდი მანძილი აღარ იქნებოდა დარჩენილი.
ქოხში მწყემსები დაგვხვდნენ, რომლებმაც აგვიხსნეს გზა საით უნდა გაგვეგრძელებინა. ასევე გვითხრეს, რომ ჩვენ ნაცნობ ჯგუფს დიდი დრო არ იყო ჩაევლო ამ ქოხთან და თუ სწრაფად ვივლიდით დავეწეოდით კიდეც.

აღსანიშნავია რომ ამ ქოხთან განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა ჩვენი იმღამინდელი თავგადასავალი.
მწყემსებმა ბილიკზე დაგვაყენეს და დაგვაკვალიანეს, ასე რომ გადავწყვიტეთ, არ იყო საჭირო  წინ წასულებს დავწეოდით. ვარჩიეთ ნელ-ნელა გაგვეგრძელებინა გზა, რადგან ბევრი აღარ იყო დარჩენილი  და დაღამებამდე უეჭველი ავაღწევდით ტობამდე.

თუმცა საბედისწერო აღმოჩნდა ერთ-ერთი მწყემსის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომელმაც გვითხრა რომ მალე მოგვიწევდა გაყინულ თოვლზე ფეხით სიარული. ჩვენ დახმარებისთვის მწყემსებს მადლობა გადავუხადეთ და დავემშვიდობეთ.

მალე დავინახეთ კიდეც ყინული და სწორედ მისკენ ავიღეთ გეზი. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ ეს ყინული ის ყინული არ აღმოჩნდა და არც არჩეული მარშრუტი მიგვიყვანდა ტობამდე. . ამას დაემატა საშინელი ნისლი რომელიც მოულოდნელად ჩამოწვა და მის ბურუსში გაქრა ჩვენი ბილიკიც.

საბოლოოდ ნისლში ჯდომას და დროის კარგვას საირულის გაგრძელება ვამჯობინეთ. რამდენიმე საათში ყინულამდეც მივაღწიეთ. ფეხი საშინლად ცურავდა ამიტომ თვლზე ასვლა ვერ შევძელით და ლოდებზე ძრომიალით ძლივს ავაღწიეთ ბოლომდე, საიდანაც ჩვენი მოლოდინით ულამაზესი ტობავარჩხილი უნდა გამოჩენილიყო.

ზემოთ ასულებს ტბის მაგივრად კიდევ ერთი აღმართი დაგვხვდა, იმის შემდეგ კი გზა აღარსად იყო და უფსკრულის წინაშე აღმოვჩნდით. (ყველანაირი გაგებით). კლდოვან დამრეცზე აღმოვჩნდით გაჭედილები. არც  კარვის გასაშლელი ადგილი იყო სადმე, არც წყალი გვქონდა.    გადავწყვიტეთ ქვემოთ ჩავსულიყავით, მდინარის პირას დავბანაკდებოდით მაინც.    დაღმართზე დავეშვით თუ არა რამდენიმე წუთში  უცებ ჩამოღამდა, ნისლიც ჩამოწვა და წვიმამაც დასცხო. ერთი რაც მოვახერხეთ  ჩანთიდან კარვის გადასაფარებელი ამოვიღეთ და დაღმართზე ჩამოვჯექით, საიდანაც მეორე დილამდე არც ავმდგარვართ.

ბავარჩხილი – სურათები

Discussion

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

,,დალაშქრე საქართველო”

,,სირცხვილია" თერმურ-ლენგს 8-ჯერ ჰქონდეს საქართველო დალაშქრული, შენ კიდე თბილისს არ იყო გაცილებული. ;))

998 places you need to visit in G e o r g i a

Follow საქართველო on WordPress.com

თუშეთი | Tusheti

ტობავარჩხილი

ტყიბულის წყალსაცავი / Reservoir Tyibuli

დადიანების სასახლე / Dadiani Palace Museum, Zugdidi

კაცხის სვეტი

ლაგოდეხის ნაკრძალი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

Georgian Lakes

Georgia 4K Videos

Hiking Rules

%d bloggers like this: