//
you're reading...
თუშეთი | Tusheti, სტატიები

თუშეთი – ზოგად გეოგრაფიული აღწერა

tusheti-016

თუშეთის ისტორიული მხარე მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. იგი მთლიანად მოქცეულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი (რუსეთის ფედერაცია), აღმოსავლეთით – დაღესტანი (რუსეთის ფედერაცია), სამხრეთით – კახეთი, დასავლეთით – ისტორიული ფშავი და ხევსურეთი. საეთო ფართობი 825 კვ. კმ. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი თებულოსმთაა (4492 მ), ყველაზე დაბალი (1490 მ) – მდინარე თუშეთის ალაზანი (ანდის ყოისუ) დაღესტნის საზღვართან.

სამხრეთ საზღვარი გადის კავკასიონის მთავარი ქედზე, პატარა ბორბალოს მთიდან (3313 მ) მწვერვალ შავიკლდემდე (3578 მ), დასავლეთის – აწუნთას ქედზე, პატარა ბორბალოდან თებულოსმთამდე (4492 მ).  ჩრდილოეთის – თუშეთის ქედზე, თებულოსმთიდან დიკლოსმთამდე (4285 მ), ხოლო აღმოსავლეთის – ახათლისა და ბუციბაცის (სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ) ქედებზე, რომელთა შორის მიედინება მდინარე თუშეთის ალაზანი.
გარდა იმ ქედებისა რომლებიც თუშეთის საზღვრებს წარმოადგენს, იგი ორად იყოფა პირიქითა ალაზნის (მაკრატელას) ქედით, რომელიც აწუნთას ქედიდან იწყება, აღმოსავლეთისკენ მიემართება და მდინარეების პირიქითა ალაზნის და თუშეთის ალაზნის შესართავთან მთავრდება. ქედის უმაღლესი წერტილია მთა ცივა (3380 მ).

თუშეთში ორი ძირითადი მდინარეა თავისი მრავალრიცხოვანი, მცირე თუ საშუალო, შენაკადებით. ეს მდინარეებია თუშეთის (გომეწრის) ალაზანი და პირიქითა ალაზანი, რომელებიც ერთმანეთს უერთდებიან და შემდეგ დაღესტანში ანდის ყოისუს სახელითაა ცნობილი. თუშეთის ალაზნის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაკადებია – ხისოს ალაზანი (ჭანჭახოვანისწყალი), წოვათისწყალი, ორწყალი და სხვ. ზემო დინებაში პირიქითა ალაზანს ქვახიდისწყალი ჰქვია. პირიქითა ალაზანს ძირითადი შენაკადებია – ლაროვანისწყალი, დიდი ხევი. ქვახისდისწყლისა და ლაროვანისწყლის შესართავიდან მდინარეს პირიქითა ალაზანი ჰქვია.
თუშეთში ტბები ძალიან ცოტაა და ზომითაც პატარებია. მათგან აღსანიშნავია ორეთის (უძირო) ტბა, რომელიც შედარებით ადვილი მისასვლელია.

რადგანაც თუშეთი მაღალმთიანია მას ცივი კლიმატი აქვს. წლის საშუალო ტემპერატურა +5 გრადუსია. თოვლი, დასახლებულ პუნქტებში, შეიძლება სექტემბერშიც მოვიდეს და ივნისამდე გასტანოს. ზამთარში ტემპერატურა შეიძლება -20 გრადუსზე ქვემოთ დაეცეს და ამ შემთხვევაში მდინარეებიც იყინება. წლიური ნალექი 1000 მმ–ს აღემატება და ძირითადად თოვლის სახით მოდის.

ალპურ ზონის ქვემოთ, ხეობები უმთავრესად ტყითაა დაფარული. ეს სახეობებია: ფიჭვი, ცაცხვი, არყის ხე (ალპურ ზონასთან ახლოს, დომინირებს), ჭნავი, ბოკვი, მურყანი, ვერხვი და სხვ. თუშეთი მდიდარია ალპური მდელოებით სადაც ზაფხულში თუშები ცხვრებს აძოვებენ. აქ ბევრია სათიბი, სადაც მაღალი ხარისხის თივა მიიღება.
ცხოველებიდან აღსანიშნავია: ჯიხვი, თხა, ვაცი, ირემი, დათვი, მგელი, აფთარი, მაჩვი, მელა, კურდღელი. სამივე ალაზანში არის კალმახი.

 თემების აღწერა

დღეს თუშეთში 50–ზე მეტი სოფელი თუ ნასოფლარია შემორჩენილი. მხოლოდ რამოდენიმე მათგანში ცხოვრობს მოსახლეობა მთელი წლის მანძილზე. ეს სოფლებია ომალო (ადმინისტრაციული ცენტრი), შენაქო, დართლო(?) და დიკლო(?). ბევრია სოფლები რომლებშიც ყოველ წელიწადს ზაფხულში ადის მოსახლეობა: გირევი, ჭეშო, კვავლო, ჭონთიო, დოჭუ, ხისო, ბოჭორმა და ა.შ. ზაფხულის პერიოდში მოსახლეობა რამოდენიმე ასეულს შეადგენს.
ბოჭორიძე თუშეთს ყოფს რვა თემად. ესენია: გომეწარი, ივანაურთა, პირიქითა (აღმა),სამციხი, ჩაღმა, წოვათა, ჭანჭახოვანი, ხეცურთა. ეს დაყოფა განსხვავდება მაკალათიას არწერისგან, სადაც ოთხი თემია მოცემული: პირიქითა, ჩაღმა, გომეწარი, წოვათა. განსხვავება იმაშია, რომ გიორგი ბოჭორიძე ამ თემებს კიდევ ყოფს ნაწილებად. იქ სადაც ეს ორი მკვლევარი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ჩვენ ბოჭორიძის აღწერას მივანიჭებთ უპირატესობას. ეს დაყოფა და სოფლები რომელიც აქ იქნება მოცემული, ასახავს იმ მდგომარეობას რომელიც ბოჭორიძეს დახვდა XX დასაწყისში (უფრო ადრე, ვიდრე იმოგზაურა მაკალათიამ) და რათქმაუნდა წარმოადგენს მხოლოდ საბოლოო დაყოფას, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავებული ყოფილიყო სხვადასხვა საუკუნეებში.

გომეწარის თემი მოიცავს თუშეთის ალაზნის ორივე მხარეს, წოვათისწყლის შესართავიდან ბეღელასხევის შესართავამდე. თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: ალისგორი,ბიქუ[უ]რთა, გუდაანთა, დადიკაურთა (დადუკურთა), ვაკისძირი, ვერხოვანი, ვეძისხევი,კოკლათა, ჯვარბოსელი.

ივანაურთას თემი მთლიანად მოიცავს მდ. ორიწყალის ხეობას, თავისი ყველა შენაკადით.  თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: გოგრულთა (გორულთა), ვესტმო,ვესტომთა, საბუე, საჩიღოლო.

პირიქითას (აღმა) თემი მთლიანად მოიცავს პირიქითა ალაზნის ზემო დინების (სოფელ ჭეშომდე) ხეობას თავისი განშტოებებით და შენაკადებით (ლაროვანისწყალი, ქვახიდისწყალი…). თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: ბასო, ბოჭორმა (გამქრალი სოფელია, ჩაღმას თემის ბოჭორმაში არ უნდა აგვერიოს), გირევი, დაქიურთა, ნაკუდურთა, უქა (გამქრალი სოფელია), ფარსმა, ჭონთიო, ჰეღო.

სამციხის თემი მოიცავს პირიქითა ალაზნის ხეობას სოფელ ჭეშოდან სოფელ ჩიღოს ჩათვლით (შავი-ქვიშის ქედამდე). თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: დანო, დართლო,კვავლო, ჩიღო, ჭეშო.

ჩაღმას თემი მოიცავს პირიქითა ალაზნის ხეობას მარცხენა მხარეს სოფელ ჩიღოს (შავი-ქვიშის ქედის აღმოსავლეთით) ქვემოთ, სანამ შუერთდება თუშეთის ალაზანს. თუშეთის ალაზნის მარცხენა მხარეს, მდინარეების – ორიწყალისა და ხისოს ალაზნის შესართავებს შორის და თუშეთის ალაზნის მარჯვენა მხარეს, ხისოს ალაზნის შესართავიდან ვიდრე შეუერთდება პირიქითა ალაზანს. და საბოლოოდ ანდის-ყოისუს ხეობა მთლიანად, დაღესტნის საზღვრამდე. თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: აგეურთა, ბოჭორმა, დიკლო, იბცოხი,ომალო, ქუმელაურთა, შენაქო, ცოკალთა, ჭერო.

წოვათას თემი მოიცავს თუშეთის ალაზნის და წოვათისწყლის ხეობებს, ვიდრე მდინარეები ერთმანეთს შეუერთდებოდეს.  თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: ეთელთა,ინდურთა, მოზართა, საგირთა, შავწყალი(ა), წარო.

ჭანჭახოვანის თემი მთლიანად მოიცავს ხისოს ალაზნის ხეობას, განშტოებებით. თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: ნაციხვარი, ჟველურთა, შტროლთა, ჩიგლაურთა,ხახაბო, ხისო.

ხეცურთას თემი მოიცავს თუშეთის ალაზნის ხეობის ორივე მხარეს, ბეღელასხევის ხეობიდან და შესართავიდან, მდინარე ორიწყალის შესართავამდე. თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: ბეღელა, ბუხურთა, დოჭუ, ილიურთა.

გარდა ამ სოფლებისა ცნობილია კიდევ სხვა სოფლებიც (ნახსენებია სხვადასხვა წყაროებში), მაგრამ მათი მიახლოებითი (თემი) ადგილმდებარეობაც კი უცნობია. ასეთებია მაგ.: ნადირთა დანაზართა. ასევე ზოგიეთი სოფელი რომელიც მთლიანად გამქრალია (მაგ. უქა, ბოჭორმა…). ცნობილია მათი თემობრივი კუთვნილება მაგრამ ჯერ–ჯერობით უცნობია თუ სად მდებარეობდნენ ზუსტად და საერთოდ თუ არსებობდნენ. ამაში გასარკვევად არქეოლოგიური გათხრებია აუცილებელი.

წყარო: http://www.dzeglebi.ge

GooGle Maps: Click Here

 

Discussion

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

,,დალაშქრე საქართველო”

,,სირცხვილია" თერმურ-ლენგს 8-ჯერ ჰქონდეს საქართველო დალაშქრული, შენ კიდე თბილისს არ იყო გაცილებული. ;))

998 places you need to visit in G e o r g i a

Follow საქართველო on WordPress.com

თუშეთი | Tusheti

ტობავარჩხილი

ტყიბულის წყალსაცავი / Reservoir Tyibuli

დადიანების სასახლე / Dadiani Palace Museum, Zugdidi

კაცხის სვეტი

ლაგოდეხის ნაკრძალი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

Georgian Lakes

Georgia 4K Videos

Hiking Rules

%d bloggers like this: